ახალციხელმა მუსლიმმა მესხმა ომარ ყიფიანმა, იგივე ფაიგ ნემანზადემ თბილისში 1906 წელს დააარსა სატირული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“. ჟურნალი აზერბაიჯანულ ენაზე იბეჭდებოდა.
იმ პერიოდისთვის საკმაოდ განათლებული და ქალთა განათლების აქტიური მომხრე ომარ ფაიგი ცარისტულ რეჟიმს აკრიტიკებდა, რის გამოც ჟურნალის გამოცემის უფლებას არ მისცემდნენ, ამიტომ მან გამოცემის მთავარ რედაქტორად ჯალილ მამედყულიზადე დანიშნა. ჟურნალის ილუსტრატორებად კი თბილისელი გერმანელები ოსკარ შმერლინგი და იოზეფ როტერი მიიწვია, რომლებმაც იმდროინდელ პერიოდულ გამოცემებში თავიანთი კარიკატურებით კავკასიის მასშტაბით სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრეს.
ომარ ფაიგსა და ჯალილ მამედყულიზადეს ბევრი უმსჯელიათ ჟურნალის სათაურზე – „მოლა ნასრედინის“ გაგონებისას მკითხველი იფიქრებს, რომ გამოცემაში სასაცილო ისტორიები, საინტერესო დიალოგები, მახვილგონივრული გამონათქვამები ელოდებაო. ვარაუდმა გაამართლა – სახელწოდება „მოლა ნასრედინი“ მკითხველში მართლაც დადებით ემოციებსა და საუკეთესო მოლოდინებს იწვევდა. გამოცემაში ქვეყნდებოდა კარიკატურები და სტატიები იმ დროისთვის კავკასიაში არსებულ მწვავე პრობლემებზე – ქალთა ჩაკეტილობაზე, სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიციის არაკეთილსინდისიერებაზე და ა. შ.
ჟურნალი იყენებდა მარტივი ილუსტრაციისა და ხალხური ზღაპრებიდან აღებულ სიმბოლურ ენას. ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ნახატია 1909 წელს გამოქვეყნებული კარიკატურა: ორი აღმოსავლურად შემოსილი მოხუცი (მინაწერით – „ძველი ტრადიციები” და „ძველი მეცნიერებები”) დგას ლიანდაგზე და გზას უღობავს მატარებელს წარწერით „პროგრესი“. ისინი ყვირიან: „ჩვენ არ მოგცემთ წინსვლის უფლებას”. როგორც ყველა ასეთ ნახატში, მოლა ნასრედინი შორიდან აკვირდება მოქმედებას.
ჟურნალში იბეჭდებოდა დიალოგები, სხვადასხვა პოეტებისა და პროზაიკოსების ფელეტონები, იუმორისტული ლექსები, სატირული მოთხრობები, ანეკდოტები, იუმორისტული განცხადებები, კერძო განცხადებები, კარიკატურები და სხვა.
არავინ ელოდა ასეთ წარმატებას. სულ მალე ჟურნალი 5000-იანი ტირაჟით გამოდიოდა.
ჟურნალი თბილისში 1906-1914, 1917 წლებში (1917 წელს ცენზურის მიერ აიკრძალა) იბეჭდებოდა. 1921 წლიდან მისი გამოცემა რამდენიმე თვით თავრიზში განახლდა, 1922-1931 წლებში კი ბაქოში გაგრძელდა. იმ პერიოდში თბილისში მოღვაწე გამოჩენილი გერმანელი ჟურნალისტი არტურ ლაისტი დიდ ხოტბას ასხამდა „მოლა ნასრედინის“ ავტორებს. იგი აღფრთოვანებული იყო მათი შემოქმედებითა და გამბედაობით.
სატირული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“ ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდის გამორჩეული ექსპონატია.