მხოლოდ სამჯერ მოასწრო ახალი წლის აღნიშვნა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული სახელმწიფოებრიობის შემდეგ. 1918-1919 წლების გასაყარს ქვეყანა სომხეთთან ომით შეხვდა და ახალი წელი არა ზეიმით, არამედ დროებითი მშვიდობით აღინიშნა. 1918 წლის 31 დეკემბერს საბრძოლო მოქმედებები ხანმოკლე ზავით შეწყდა და ქართული ჯარი იმ ხაზზე შეჩერდა, რომელიც იმ მომენტისათვის ეკავა.
ომის მიუხედავად ახალი წლის დადგომას ქვეყანა მომავლის იმედით შეხვდა: „მივესალმებით 1919 წელს იმ იმედით, რომ ამ წელს ჩვენ სავსებით განვიმტკიცებთ საქართველოს თავისუფლებას და ამ დიად საქმეში ჩვენთან ერთად იქნება საერთაშორისო დემოკრატია“(„საქართველო“ 1918 წ. N 2).
1919 წლის დადგომა თავდაცვის ფონდის სასარგებლოდ ჩატარებული საახალწლო საქველმოქმედო საღამოებით, სახელოვანი ჯარისადმი საზეიმო მილოცვებით და ომის გამო შემოღებული მკაცრი სამხედრო წესების შემსუბუქებით შემოიფარგლა. მაგალითად, შეიცვალა ღამით ქუჩაში მოძრაობის და ვაჭრობის გრაფიკი: „თბილისის, გორისა და თელავის გენერალ-გუბერნატორის შალვა მაღლაკელიძის განკარგულებით ახალ წლის ღამეს ქუჩაში მოძრაობა ნებადართული ხდება 2 საათამდე, ხოლო ვისაც შემდეგ შეამჩნევენ ქუჩაში, დააპატიმრებენ“ („საქართველო“ 1919 წ. N 1). თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქალაქენი სეირნობის გახანგრძლივებას არ დასჯერდნენ: „ბევრმა მოქალაქემ იდღესასწაულა ახალი წელი, რის გამო მთელ ქალაქში გახშირებული იყო სროლა. მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის განკარგულებით დაპატიმრებული იქნა ბევრი მსროლელთაგანი“(„საქართველო“ 1919 წ. N 4).
ომის გამოძახილი შემდგომ საახალწლო თარიღებსაც გადასწვდა და 1920 და 1921 წლების საახალწლო დღეები დაღუპული მეომრების ხსოვნისათვის პატივის მიგებით აღინიშნა. პატრიარქმა ლეონიდემ საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულ მამულიშვილთა პანაშვიდი ორივეჯერ გადაიხადა – 1919 და 1920 წლების 31 დეკემბერს. საახალწლოდ თავდაცვის ფონდისათვის შემოწირულობების მოკრებამ კი შემდგომ წლებში ტრადიციის სახე მიიღო და გაგრძელდა.
დამოუკიდებლობის მეორე ახალ – 1920 წელს ქვეყანა მყიფე მშვიდობით, მეტი იმედებით და ამბიციური გეგმებით შეხვდა : „გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხის რამდენიმე ათასწლოვან ისტორიაში არ მოიპოვება მეორე წელი ასეთი მნიშვნელოვანი… ეს არის წელი დამფუძნებელი კრებისა, მაშასადამე ჩვენი მკვდრეთით აღდგენის… რაც შეეხება ახლად შობილ წელს, მისი ცხოვრებისა და მოქმედების გეგმა ასეთია: დამფუძნებელი კრების მიერ რესპუბლიკის შენობის დასრულება – დაგვირგვინება, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ფორმალური ცნობა გარეშე ძალთაგან და საერთაშორისო ოჯახში სრულუფლებიან წევრათ შესვლა…რესპუბლიკის ტერიტორიალურ სახის ჩამოყალიბება, კერძოთ, ბათომის მუწუკის სწრაფი გაკვეთა და მით სახელმწიფო სხეულის გაჯანმრთელება“ (ერთობა. 1920 წ. N 1)
1920 წელს, წინა წლისაგან განსხვავებით, ქვეყანაში იგრძნობა საახალწლო განწყობა და საგაზეთო რეკლამები მსურველებს ეპატიჟება კაფე-რესტორნებსა და კლუბებში ახალი წლის შესახვედრად. ბავშვებისათვის საგანგებოდ ეწყობა „შობის ხის“ ზეიმი.
სახელმწიფო თეატრში იმართება სადღესასწაულო წარმოდგენები, მათ შორის საბავშვო სპექტაკლები. საახალწლოდ, 1920 წლის 2 იანვარს წესდება მსახიობთა პროფესიული დღესასწაული -მსახიობის დღე, რომელიც მთელ ქვეყანაში აღინიშნება თეატრალური წარმოდგენებითა და კარნავალით. მასშტაბური სანახაობა იმართება ყველა ქალაქში, მათ შორის პროვინციებში – თბილისში (14 სპექტაკლი), ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, დუშეთში, შორაპანში, ზუგდიდში და ა.შ.
1921 წლისთვის ახალი წლის სადღესასწაულო აღნიშვნა უფრო სახალხო და მასშტაბური, საახალწლო აქსესუარები კი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი ხდება: „შობის ხეები გაიყიდება ქებაძის მაღაზიაში, რუსთაველის პროსპექტზე. პირველ რიგში დაეთმობა სასწავლებლებს, სამხედრო ნაწილებს, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებს ბოლოს პირთაც”.(„ერთობა“. 1920წ. N299) 1921 წლის 2 იანვარს მეორედ აღინიშნა მსახიობის დღე და ისევ მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა საზეიმო წარმოდგენები და მსვლელობები,მათ შორის ტანმოვარჯიშეთა საზოგადოების – „შევარდენის“ გამოსვლა.
საგანგებო საახალწლო უფასო სპექტაკლები გაიმართა ჯარისკაცებისა და გვარდიელებისათვის, ხოლო ბავშვებისათვის მთავრობის სასახლის წინ საახალწლო შობის ხის“ საქველმოქმედო ზეიმი შედგა “ბავშვები დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე მიდიოდნენ ნაძვის ხესთან, წრეს უვლიდნენ და ტოვებდნენ საჩუქრებს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცებისთვის“ (ერთობა. 1920წ. N 298). სხვათა შორის, სწორედ საახალწლოდ, 1921 წლის 4 იანვარს დამფუძნებელმ კრებამ მიიღო დეკრეტი დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკისათვის „200 000 მანეთის“ გადადების შესახებ, ხოლო შემდეგ ეს თანხა მილიონ მანეთამდე გაიზარდა. საახალწლოდ მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო მრავალრიცხოვანი მილოცვები უცხური მისიებისაგან.
1921 წლის დამდეგს რუსული ოკუპაციის საფრთხე უკვე დამოკლეს მახვილივით ეკიდა დამოუკიდებელი საქართველოს თავზე: „ევროპის სახელმწიფოებთან გასულ წელს ბევრათ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა. უკვე წლის დასაწყისში ანტანტის სახელმწიფოებმა საქართველო აღიარეს დამოუკიდებელ რესპუბლიკათ… უდიდეს გამარჯვებათ უნდა ჩაითვალოს მისი [საქართველოს] დასახიჩრებული ორგანიზმის გამომთელება ბათომის შემოერთებით… თუმცა საქართველოს ირგვლივ ცაზე შავი ღრუბლები მოჩანს…“ („ერთობა“. 1921წ. N1).
1922 წელი უკვე საბჭოთა საქართველოში აღინიშნა.