ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი
ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი
მოლა ნასრედინი
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა
საბიბლიოთეკო მომსახურება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2022 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა. იგი შეიქმნა საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიის, როგორც სამუზეუმო სივრცის ათვისება, ბევრად ადრე დაიწყო. მაგალითად, წიგნის მუზეუმი, რომელიც ბიბლიოთეკის პირველ კორპუსშია განთავსებული, შესულია ტურისტულ გზამკვლევებში და მას მრავალი დამთვალიერებელი ჰყავს.

პრესის მუზეუმის ცალკე გახსნა განაპირობა არა მარტო თვით ამ ტიპის გამოცემათა სპეციფიკამ, არამედ იმ მდიდრულმა მემკვიდრეობამ, რაც ეროვნული პერიოდული გამოცემების – გაზეთებისა და ჟურნალების სახით არის დაცული ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს არის საქართველოში გამოცემული პერიოდიკის ყველაზე  სრული კოლექცია, რომელსაც საფუძველი შეუქმნა ჯერ მეფისნაცვლის კანცელარიასთან დაარსებულმა ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდმა, ხოლო მოგვიანებით ეს საფუძველი განამტკიცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავმა. 

მუზეუმის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ისტორია, მისი ეტაპები. ეს ისტორია კი არის ძალზე საინტერესო და მრავლისმეტყველი.

ეროვნულ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია ქართული ბეჭდური ერთეულების, როგორც  კულტურული მემკვიდრეობის, მრავალი უნიკალური ძეგლი. უაღრესად მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებისათვის წარდგენა, ჩვენება თითოეული მათგანის ისტორიული და კულტუროლოგიური ღირებულებებისა, რათა ყველამ, იქნება ეს ჩვენი თანამემამულე თუ ჩამოსული სტუმარი, დაინახოს, „რა განძი გვქონია?!“ 

დარბაზში, საგამოფენო კარადებსა და სტენდებში გამოფენილი ჟურნალ-გაზეთები შეირჩა  ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით. მუზეუმის სტუმრები ინტერესით ეცნობიან ექსპონატებს – პირველ ქართულ გაზეთს, პირველ ქართულ ჟურნალს, მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდიკას და შემდეგ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განთავსებულ, მოცემული კონკრეტული ეპოქისათვის გამოკვეთილად ღირებულ გამოცემებს.

მუზეუმს სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის დამთვალიერებელი ჰყავს – სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ტურისტები და ა.შ.  დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ თვალსაზრისით მეგზურის საუბრის მიმართულებას. მოსწავლეთა შემთხვევაში აქცენტი გადატანილია პერიოდული გამოცემების სპეციფიკაზე და იმ მნიშვნელობაზე, რაც მათ ენიჭებათ საზოგადოებრივი განვითარების პროცესში. 

უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობენ საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას, მნიშვნელოვანია ქართული ბეჭდური მედიის ისტორიული გზის ჩვენება, ყურადღების გამახვილება პირველ ქართულ პერიოდულ გამოცემებზე, მაგალითად, გაზეთ „საქართველოს გაზეთზე“, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიისთვისაც პირველი გაზეთი იყო. 

მუზეუმში მოსული ჩვენი თანამემამულეების უმეტესობას ქართული ჟურნალ-გაზეთების შესახებ ან წაუკითხავს, ან სმენია. მუზეუმში მათ შეუძლიათ უშუალოთ იხილონ ძველი ქართული პრესის ნიმუშები და მოისმინონ მრავალი საინტერესო ისტორია ამა თუ იმ გამოცემის შესახებ.

პრესის საგანმანათლებლო ფუნქციის კიდევ ერთი დამადასტურებელია ის ტენდენციაც, რომ პერიოდულად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს ლექტორები ლექციას უკითხავენ სწორედ პრესის მუზეუმში. მომავალი ჟურნალისტებისთვის პროფესიული წვრთნის პროცესში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მათი შრომა მხოლოდ ერთი კონკრეტული დროითა და სივრცით კი არ შემოიფარგლება, არამედ ობიექტურად შეფასდება დროში და ამ შეფასების ხარისხი დიდად იქნება დამოკიდებული მათ კეთილსინდისიერებაზე არჩეული პროფესიისადმი. 

პერიოდული გამოცემები თავიანთი ეპოქის ცხოვრების ამსახველი პირუთვნელი დოკუმენტებია. თითოეულ მათგანს დაარსებისა თუ დახურვის თავიანთი ისტორია აქვთ, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებასთან. კონკრეტული ჟურნალისა თუ გაზეთის მნიშვნელობის გააზრება შეუძლებელია ისტორიული რეალიების გათვალისწინების გარეშე. აქედან გამომდინარე, პრესის მუზეუმის ექსპონატები დამთვალიერებლებისთვის ერთგვარად საქართველოს ისტორიის გზამკვლევის ფუნქციასაც ასრულებენ.

წინა პოსტი
text

მოლა ნასრედინი

შემდეგი პოსტი
ლიბერთი - ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბზი.

საბიბლიოთეკო მომსახურება