ეროვნული ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი შენაძენი – ანთიმოზ ივერიელის „ბერძნულ-რუმინული სახარება“
რუმინეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი ანთიმოზ ივერიელი, რომელიც რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა, აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას ეწეოდა. ბეჭდური წიგნის ისტორია წარმოუდგენელია მისი გამოცემების გარეშე, რომელთა შორისაა 1693 წელს დაბეჭდილი სახარება ბერძნულ და რუმინულ ენებზე.
თავის დროზე სწორედ ანთიმოზ ივერიელი დაეხმარა ვახტანგ VI თბილისში პირველი ქართული სტამბის გამართვაში. მისი დამსახურებაა პირველი ქართული გამოცემების ევროპულ ქაღალდზე დაბეჭდვა. ანთიმოზმა ამ საქმისთვის საქართველოში მისი წარმომადგენელი მიხაილ იშტვანოვიჩი გამოგზავნა, რომლის სახელი ვახტანგის სტამბის წიგნებზეც კი იკითხება.
ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთში დაბეჭდილი „ბერძნულ-რუმინული სახარება“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენაძენთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემაა, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაიდო ბინა.

