ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი
ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი

პირველი გაზეთი საქართველოში

თამარ წიკლაური ფოტოგრაფი

პირველი ქართული გაზეთი და ამავე დროს კავკასიაში დაბეჭდილი პირველი გაზეთი საქართველოში 1819 წლის 8 მარტს დაიბეჭდა სახელწოდებით „საქართველოს გაზეთი“. ის კვირაში ერთხელ, პარასკევობით გამოდიოდა. 1820 წელს „საქართველოს გაზეთს“ სახელი შეეცვალა და „ქართული გაზეთი“ დაერქვა. უცნობია გაზეთის რედაქტორი, სტატიების ავტორი, მთარგმნელი და რედაქციაში მომუშავე სხვა თანამშრომლების ვინაობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „საქართველოს გაზეთის“ შექმნა კავკასიის მმართველის, ალექსეი ერმოლოვის სახელს უკავშირდებოდა. 

იმ დროისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყო დამკვიდრებული კონკრეტული ადამიანების მიერ ამა თუ იმ მოვლენის ან გამოცემის შესახებ ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად გავრცელება ანუ „გამოცხადება“. სწორედ ამგვარი „გამოცხადება“ უძღოდა წინ პირველი ქართული გაზეთის გამოცემას. განცხადება თბილისსა და საქართველოს მაზრებში ვრცელდებოდა და ის წარმოადგენდა თავისებურ პროგრამას. „საქართველოს გაზეთის“ „გამოცხადების“ შინაარსი იუწყებოდა, რომ გამოცემა ქართულ ენაზე 1819 წლის 1 მარტიდან იგეგმებოდა და უნდა შესულიყო შემდეგი პუნქტები:

  1. მოხელეთა დაჯილდოების შესახებ ცნობები;
  2. ადგილობრივი მმართველის განწესებები და ბრძანებები;
  3. საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების ამბები;
  4. მსოფლიო სიახლეები და აღმოჩენები;
  5. ამონარიდები რუსული პრესიდან, რომლებიც ადგილობრივებისთვის საინეტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო. 

ამდენად, უწყებრივი ხასიათის გაზეთში სხვა სტატიებთან ერთად ის ოფიციალური ცნობები და დადგენილებები იბეჭდებოდა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას უშუალოდ ეხებოდა. გამოცემის ოფიციალურად გაცხადებული მიზანიც საქართველოს მაცხოვრებელთა ინტერესები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებულ ხალხთა ჩვეულებების გაცნობა იყო. სინამდვილეში, იმ დროის მნიშვნელოვანი მოვლენები პერიოდული გამოცემის ფურცლებზე ან საერთოდ არ ასახულა, ან იმპერიის მიზნებს მისადაგებული ინტერპრეტაციით ქვეყნდებოდა. ასე მაგალითად, გაზეთი არაფერს იუწყებოდა 1819-1820 წლების იმერეთ-გურიის აჯანყებების შესახებ; სამაგიეროდ იბეჭდებოდა ცნობები კავკასიის ომზე, რომელშიც რუსული ჯარი მშვიდობისმყოფელის როლში იყო გამოყვანილი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჩრდილოკავკასიელები კი მეამბოხე ყაჩაღებად იყვნენ წარმოჩენილნი.  

XIX საუკუნის მეორე ნახევარშივე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული „საქართველოს გაზეთის“ მოძიებასა და შეგროვებას გაზეთ „ივერიის“ რედაქცია ცდილობდა. 1887 წლის #156-ში „ივერიის“ რედაქცია მადლობას უხდის სოფიო დოდაშვილს, რომელმაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას  1819 წლის მარტის თვის „საქართველოს გაზეთის“  ერთი ნომერი შესწირა. 1890 წლის „ივერიის“ #144-ე ნომერში გამოქვეყნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც კანცელარიის ჩინოვნიკ ივანე ბაბალოვს ძველ ქაღალდებში უპოვია 1821 წელს გამოცემული „ქართული გაზეთი“. 

„ივერიის“ რედაქციისა და ცალკეული მოქალაქეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და „საქართველოს გაზეთის“ ნომრების უმეტესობამ ჩვენამდე მოაღწია. ამდენად, ვიცით, რომ 1819 წელს გამოვიდა გაზეთის 43 ნომერი, 1820 წელს – 51 ნომერი; 1821 წლის კომპლექტს ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ამ წელს რამდენი ნომერი გამოიცა. 

გაზეთის ფორმატი, შრიფტი და ზოგადად, მისი გარეგნული მხარე იმ პერიოდისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. დაახლოებით თაბახის ფურცლისოდენა ფორმატის გამოცემაში ტექსტები ორ სვეტად იბეჭდებოდა. გაზეთის შრიფტი მკვეთრი და ადვილად გასარჩევია. 

ცნობილი მეცნიერი ევგენი ვეიდენბაუმი წერდა: „რუსული ენა იმ დროს იმდენად ნაკლებად გავრცელებული იყო ქალაქის მაცხოვრებელთა შორისაც კი, რომ თავად-აზნაურების წარმომადგენელთა უმეტესობას, რომლებიც საქართველოს უმაღლესი მთავრობის ექსპედიციებში მსახურობდნენ, არ შეეძლოთ თავისი გვარის რუსულად დაწერა.“ მთავარმართებელ ერმოლოვის სურვილი კი, ეზიარებინა ახალი ქვეშევრდომები რუსული ხელისუფლების წესებისთვის, იმდენად დიდი იყო, რომ მან გაზეთის მოსახლეობისთვის გასაგებ ქართულ ენაზე ბეჭდვა გადაწყვიტა. ევგენი ვეიდენბაუმი იმასაც ამბობს, რომ გაზეთი თავდაპირველად რუსულად იწერებოდა და შემდეგ ითარგმნებოდა ქართულ ენაზე. ამის დასტურად მას კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის არქივში დაცული დოკუმენტები მოჰყავს. კავკასიის შტაბში დაცული იყო საქაღალდე – „1820 წელს შემოსული ქართული გაზეთის ჟურნალი“, რომელშიც ინახებოდა 1820 წელს დაბეჭდილი „საქართველოს გაზეთის“ რუსული ხელნაწერი ვარიანტი. 

1822 წელს, გოროდოვოის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საჭირო რაოდენობის ხელმომწერების შეგროვება ვერ მოხერხდა და პერიოდული გამოცემის არსებობაც შეწყდა. 

რუსეთის იდეოლოგიურ იარაღად შექმნილი „საქართველოს გაზეთი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში შევიდა როგორც ქართული პერიოდული გამოცემის შექმნის პირველი მცდელობა. 

წინა პოსტი
ლიბერთი - ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბზი.

საბიბლიოთეკო მომსახურება

შემდეგი პოსტი

ხელოვნების ოსტატი