ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი
ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი

ხელოვნების ოსტატი

ელგუჯა ამაშუკელი სახელოსნოში

ელგუჯა გიორგის ძე ამაშუკელი (დ. 19416 ივლისი), Goudji – ქართული წარმოშობის ფრანგი მოქანდაკე და იუველერი დაიბადა ბორჯომში. ბავშვობა ბათუმში გაატარა. სამი წლის მანძილზე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური რეჟისორის, ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე. მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, 1974 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს პირადი ჩარევის შედეგად, წყვილს პარიზში გამგზავრების უფლება მისცეს.

  თავდაპირველად, მონმარტზე პატარა სახელოსნო გახსნა. სწორედ მონმარტზე დაიწყო ძვირფას ლითონებზე მუშაობა მისეული ტექნიკითა და მის მიერვე გამოჭედილი ხელსაწყოებით. თავად გუჯის სურვილით, მისი ნამუშევრები არ მეორდება და მისი ყოველი ქმნილება ერთადერთია. 1976 წელს, საფრანგეთში ჩასვლის მეორე წელსვე, საფრანგეთის აკადემიის ახალი წევრის, მწერალ ფელისიენ მარსოსათვის დამზადებული აკადემიური დაშნა გუჯი ამაშუკელის შემოქმედებითი დებიუტი აღმოჩნდა. საფრანგეთში, ტრადიციულად, თითოეულ აკადემიკოსს ანიჭებენ მახვილს, რომელზეც გამოსახულია მთელი მისი შემოქმედება. ანტიკვარული მახვილიდან დამზადებული დაშნის ჯვრისებურ ხელის საფარზე ლითონმქანდაკებელმა გამოსახა მარსოს შემოქმედებითი კრედოს ამსახველი სიმბოლოები. გუჯისთვის ეს ნამუშევარი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კიდევ თხუთმეტი დაშნა დაამზადებინეს საფრანგეთის „უკვდავთა აკადემიის“ წევრებისათვის.

   გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი სამკაულები და მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. მოქანდაკე მუშაობს სასულიერო, საეკლესიო-სარიტუალო ხელოვნების დარგშიც. მას მიანდეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის მოსანათლი ემბაზის დამზადება, შარტრის ტაძრისთვის შექმნილი ლიტურგიისათვის აუცილებელი ჩვიდმეტი ნივთი სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა. გუჯი ამაშუკელი სისტემატურად ასრულებს ვატიკანის შეკვეთებსაც. ასევე, ქმნის გამარჯვების გამომხატველ მედალიონებსა თუ სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ხასიათის ნაკეთობებს.

   „მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედელი“ – ასე შეაფასა გუჯი ცნობილმა გალერისტმა, კლოდ ბერნარმა, როდესაც მისი ნამუშევრები იხილა. ოქრომჭედელს შემდეგ არაერთი გამოფენა ჰქონია მის გალერეაში – პარიზში, ბოზ არტის ქუჩაზე, სადაც სხვადასხვა დროს შეგეძლოთ გეხილათ დავიდ ჰოკნისფრენსის ბეკონისპაბლო პიკასოსანრი-კარტიე ბრესონის და სხვათა ნამუშევრები.

   მისი ნაკეთობების ადრესატთა შორის არიან იოანე პავლე მეორე, ბენედიქტ მეთექვსმეტე, საფრანგეთის აკადემიის წევრები, პრეზიდენტი მიტერანი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურებისთვის უკვეთდა საჩუქრებს.

   1993 წელს გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო –ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი.

   აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლად რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე გამობრძანებული საწინამძღვრო ჯვარი სწორედ გუჯის მიერ არის დამზადებული.

   „პარიზში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვიგრძენი რომ ვარ თავისუფალ სამყაროში, ეს არის მთავარი – თავისუფლება“ – გუჯი ამაშუკელი

წინა პოსტი

პირველი გაზეთი საქართველოში

შემდეგი პოსტი

პირველი რესპუბლიკის საახლწლო ამბები